English / ქართული / русский /
ნუნუ ქისტაური
საქართველოში ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობა

ანოტაცია.

ნაშრომში განხილულია ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკის ფორმირების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და სახელმწიფოს როლი ამ საქმეში. ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად განისაზღვრება ინოვა¬ციური საქმიანობის ორგანიზების ფორმებით და მისი ხელშეწყობის მეთოდებით, რომელთა შორის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია `სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის~ (`სკპ~) სისტემა. ნაშრომში გაანალიზებულია `სკპ~ სისტემის ფუნქციონირების გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში და ასევე ამ გამოცდილების შესწავლისა და დანერგვის უპირატესობები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის.

საკვანძო სიტყვები: ინოვაცია, ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკა, `სახელმწიფო-კერძო პარტნიორობა~, ინოვაციების რეგულირების ფორმები.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი როლი მიეკუთვნება ინოვაციურ-ინვესტიციური პროცესის ფორმირებას. ინოვაციური და ინვესტიციური პროცესების ურთიერთ¬გავლენა განსაზღვრავს ერთიანი საფინანსო პოლიტიკის მიმართულებას, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკა - ეს არის სახელმწიფოს მიზანმიმართული საქმიანობა, რომლის პირველი ამოცანა უნდა იყოს ინოვაციური საქმიანობის დაფინანსების იმგვარი მექანიზმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული ინოვაციური სისტემის სწრაფ განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ინოვაცია წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ხარისხობრივ შემადგენელს, ინვესტიციები კი – რაოდენობრივს.

ინოვაციურ-ინვესტიციური საქმიანობის სტიმულირება მიზანშეწონილია განხორციელდეს სახელმწიფოს მიერ (ან სახელმწიფოს შეკვეთით) ინვესტორებისათვის ხელშეწყობის გზით, სახელმწიფოს ისეთი სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, როგორიცაა ინვესტიციური პროცესის დაჩქარება და მისი ხარისხის გაზრდა, ინვესტიციების მოზიდვა პრიორიტეტულ დარგებში ან რეგიონებში და სხვ. ხელი უნდა შეეწყოს როგორც ადგილობრივ, ისე საჭიროების შემთხვევაში, უცხოელ ინვესტორებს. ხოლო, რაც შეეხება ხელშეწყობას, – ესაა ინოვაციების სტიმულირების ღონისძიებათა მთელი კომპლექსი: ინვესტიციურ-საფინანსო, საგადასახადო, ინსტიტუციური ღონის-ძიებები და ასევე სპეციალური საშუალებები უცხოელებისათვის.

ინოვაციურ-ინვესტიციური სისტემის წარმატების ფორმულა ყველა კონკრეტულ ქვეყანას საკუთარი აქვს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს ძირითადი ფაქტორები:

- სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პოლიტიკის ნათლად ჩამოყალიბებული ამოცანები და მიზნები;

- არსებული ინოვაციური პოტენციალის რაციონალური გამოყენება;

- სისტემატური ძალისხმევა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გასამყარებლად;

- ინოვაციების კომერციალიზაციის კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა;

შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა ინტელექტუალური საკუთრების დარგში; საერთაშორისო გამოცდილების მუდმივად შესწავლა და დანერგვა.

ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც მიაღწიეს მდგრად ეკონომიკურ ზრდას ინოვაციური საქმიანობის ინტენსიფიკაციის გზით და წარმოდგენილნი არიან მსოფლიო ბაზარზე ინოვაციური საქონლის, ტექნოლოგიების და მომსახურების სახით, აჩვენებს, რომ ქვეყნის განვითარების ტემპები მნიშვნელოვნად განისაზღვრება ინოვაციური საქმიანობის ორ-განიზების ფორმებითა და მისი ხელშეწყობის მეთოდებით. ამისათვის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია `სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის~ ინსტიტუტი (`სკპ~), როდესაც გამოიყენება ინო-ვაციური პროცესების ორგანიზების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები, ასევე ინოვაციების ირიბი ხელშეწყობის ღონისძიებათა მთელი სპექტრი. `სკპ~ ინოვაციურ სფეროში წარმოადგენს ინ-სტიტუციურ და ორგანიზაციულ ალიანსს სახელმწიფოსა და ბიზნესს (სახელმწიფო სამეცნიერო ორგანიზაციები, სახელმწიფო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ორგანიზაციები, კერძო ბიზნესი) შორის ინოვაციური პროექტების რეალიზების მიზნით.

სხვადასხვა ქვეყანაში `სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის~ სხვა¬დასხვა სახის გამოცდილება არსებობს. მაგრამ ერთი რამ ყველგან მსგავსია – გამოკვეთილია `სკპ~-ს მუდმივად მზარდი ტენდენცია. ამ მხრივ ყვე¬ლაზე დიდ წარმატებებს მიაღწიეს შემდეგ ქვეყნებში: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ისრაელი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, იაპონია. “სკპ”-ს გამოყენების სფეროები ამ ქვეყნებში განსხვავებულია: ინფრასტრუქტურა, გზები, განათლება, მედიცინა და სხვ. რაც შეეხება პარტნიორობის ფორმებს, ეს არის: კონტრაქტები, არენდა, ხელშეკრულებები, ერთობლივი საწარმოები.

“სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” პროგრამები პოპულარულია თითქმის ყველა ეკონომიკურად წარმატებული ქვეყნისათვის და ეს ინტერესი აისახება მათ საბიუჯეტო გათვლებშიც, კანონმდებლობაში, განვითარების პროგრამებში. ინოვაციური სისტემების ფორმირების საერთო პრინციპები, დეტალებში განსხვავებების მიუხედავად, ყველა მოწინავე ქვეყნისათვის მსგავსია: სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია ფუნდამენტური მეცნიერების და ტექნოლოგიების ხელშეწყობის, ინფრასტრუქტურის შექმნის და კერძო კომპანიების ინოვაციური საქმიანობისათვის სასიკეთო კლიმატის შექმნის საქმეში, ხოლო კერძო სექტორის – ახალი ტექნოლოგიების შექმნაში საკუთარი კვლევების და დამუშავებების საფუძველზე, ასევე ინოვაციების ტრანსფერის და ბაზარზე წარმატებით გატანის საქმეში.

დასავლურ მოდელებში, როგორც წესი, დომინირებს სახელმწიფო დაფინანსების როლი ე.წ `სასტარტო~ ინოვაციური პროექტებისათვის. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში საერთო ინვესტიციებში სახელმწიფოს როლი ინოვაციური ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმ-ნისას დაახლოებით 75%-ია, დიდ ბრიტანეთში – 60%. უფრო გვიან სტადიაზე სურათი საპირისპიროდ იცვლება – იზრდება კერძო ბიზნესის როლი თანადაფინანსების საქმეში. სახელმწიფო, როგორც წესი, ძირითადად აფინანსებს ფუნდამენტურ კვლევებს – უნივერსიტეტებში, კვლევით ინსტიტუტებში. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინოვაციების დასანერგად სახელმწიფო საშუალებების განაწილებისადმი მიდგომა სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში მიღებული წესისაგან განსხვავებით (როდესაც კერძო ფირმებს შორის განაწილება დიფერენცირებული მიდგომით ხდება), აშშ-ში კერძო სექტორის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისკენ მიმართული საშუალებები კონცენტრირებულია კომპანიების მხოლოდ 0,5%-ში, რომლებიც იღებენ სახელმწიფო ასიგნების 84%-ს. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დაფინანსების ფორმა უმეტესად წამყვანია სახელმწიფოს მიერ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში: პორტუგალია, საბერძნეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვ. მაგრამ, როგორც ამ დარგის ექსპერტები აღ-ნიშნავენ, სურათი ნელ-ნელა იცვლება – მსოფლიო ტენდენცია ისეთია, რომ მცირდება მეცნიერებასა და ინოვაციებზე საბიუჯეტო დანახარჯები და სულ უფრო დიდი როლი ენიჭება კერძო სექტორს (დიდ ბრიტანეთში 20 წლის განმავლობაში 1975 წლიდან 1995 წლამდე სახელმწიფოს როლი სკსსს-ის დაფინანსებაში შემცირდა 54%-დან 34%-მდე, ხოლო 2014 წელს მიაღწია 27%-ს, კერძო სექტორის როლი კი გაიზარდა 38-დან 48%-მდე.

საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ “სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის” პროგრამების რეალიზაციისას ბევრი ქვეყნის მთავრობები ქმნიან სპეციალურ ორგანოს მრავალრიცხოვანი სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედებათა კოორდინაციის მიზნით, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროექტების დამუშავებასა და მათი რეალიზაციის ღონისძიებათა გატარებაში. პროექტების ხარისხიანად მომზადებისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით აუცილებელი ხდება სპეციალ-იზებული სტრუქტურების შექმნა, სპეციალისტების ჩართვა ამ საქმეში. მთავარ მომენტად გვევლინება საინვესტიციო მიმზიდველობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო ბაზის შექმნის გზით, რომელიც დაიცავს ინვესტორის უფლებებს, შექმნის საჭიროების შემთხვევაში პროექტებში ჩადებული საშუალებების გარანტირებული დაბრუნების პირობებს. ინოვაციურ სფეროში კერძო კაპიტალის მოზიდვის მიზნით, სახელმწიფოსათვის აუცილებელია იმდაგვარი ეკონომიკური, საინვესტიციო და ორგანიზაციულ-საკანონმდებლო მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს კერძო ინვესტორების დაინტერესებას, მონაწილეობა მიიღონ ინოვაციური პროექტების რეალიზაციის პროცესში, თვით ამ კერძო კომპანიების არჩევის გამჭვირვალე და კონკურენტულ პროცედურას, რაც, თავის მხრივ, შექმნის პროექტის წარმატებით განხორციელების რისკების შემცირების გარანტიას.

გერმანიაში, როგორც ევროპის ეკონომიკურად ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში `სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის~ პროგრამების რეალიზაცია სამეცნიერო-კვლევით სფეროში 1979 წლიდან დაიწყო, რის შედეგადაც საბიუჯეტო სახსრების წილი სკსსს-ის ხარჯებში 70%-დან 30%-მდე შემცირდა. ბოლო პერიოდისათვის აშშ-ში ფედერალური ბიუჯეტიდან იმავე მიზნებით იხარჯება საერთო  დანახარჯების 35%, ხოლო 60% - თვით კომპანიების სახსრების ხარჯზე, იაპონიაში კერძო ინვესტიციების წილი 80%-ია, დანარჩენი 20% ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. საფრანგეთში სკსსს-ზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთელი დანახარჯების წილის 49,9%-ია, ხოლო დანარჩენი 50.1% კერძო კომპანიებზე მოდის.

საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი სირთულეების გამოსწორებასა და ეკონომიკის სტრუქტურული პროცესის დაჩქარებაში საინვესტიციო გარემოს პირობების გაუმჯობესებამ უმნიშ-ვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს. სახელმწიფო პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს საინვესტიციო პოლიტიკის მეცნიერული დამუშავება, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების ღონისძიებების განსაზღვრისა და დაჩქარების პროცესისათვის ხელის შეწყობა, ეკონომიკაში დაბანდებული სახსრების უკუგების ზრდის საფუძველზე ინვესტირების საგარეო და საშინაო წყაროების ოპტიმალური შეთანაწყობა, ქვეყნის შიდა რეზერვების ამოქმედების მეშვეობით საგარეო ვალის მოცულობის მკვეთრად შემცირება, მრეწველობის განვითარებაზე აღებული სპეციალური პროგრამების შემუშავება, ინვესტიციების მოსაზიდად და განსახორციელებლად ხელსაყრელი ფაქტორების შექმნა, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. სხვა სიტყვებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრობლემების საერთო კომპლექსში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უნდა დაეთმოს ინოვაციურ-ინვესტიციური ეფექტური პოტენციალის განვითარებისა და მისი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის საკითხს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ქვეყნის სამეწარმეო და საინვესტიციო გარემო, რაც, თავის მხრივ, უნდა გამოიხატოს ახალი ბიზნესების დაფუძნებაში, არსებული ბიზნესების გაფართოებასა და დივერსიფიკაციაში, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში, უცხოური ინვესტიციების ნაკადების გაზრდაში, მწარმოებლურობის დონის ამაღლებაში, და ქვეყნის პოზიციების გაუმჯობესებაში შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებსა თუ შეფასებებში.

კარგადაა ცნობილი, რომ გარდამავალი პერიოდის საბაზრო ცვლილებებმა დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის მეცნიერულ-ინტელექტუალურ პოტენციალს. საქართველოს წონა მეცნიერული კვლევების სფეროში უპრეცედენტოდ დაბალია. ქართულ კომპანიებს, რომლებიც რთულ ფინანსურ მდგომაეობაში იმყოფებიან, ჯერჯერობით არ ძალუძთ წარმოებაში სიახლების დანერგვა. მხოლოდ საწარმოთა მშენებლობა-აღდგენის საქმეში პასიური ინვესტიციების განხორციელება კი წარმოების პროცესის წარმატებული ფუნქციონირების საშუალებას ვერ იძლევა. ეს პროცესები ვითარდება მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო მაღალტექნოლოგიური წარმოებით არის დაკავებული. ცნობილია, რომ იაპონიაში, აშშ-სა და სხვა მოწინავე ქვეყნებში ეროვნული შემოსავლის 85-90% მიიღება მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე დაყრდნობით.

ინვესტიციურ-ინოვაციური პროცესების საფუძველს წარმოადგენს ინვესტიციური რესურსების მობილიზაცია და მათი მიმართვა წარმოების საშუალებათა შეძენაზე, შექმნასა და მოდერნიზაციაზე. ამ პროცესს შეუძლია მოიცვას სრული სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო ციკლი: სამეცნიერო კვლევები, საპროექტო-საკონსტრუქტორო სამუშაოები, მოქმედი წარმოების გაფართოება ან რეკონსტრუქცია, ახალი საწარმოს ორგანიზაცია ან ახალი პროდუქციის გამოშვება, გაჯანსაღება და ა.შ.

ჩვენი თვალსაზრისით, ინვესტიციურ-ინოვაციური პროცესის განხილვა შეიძლება, როგორც ეკონომიკური ზრდისათვის დასახული მიზნების მიღწევის სტრატეგიის პროცესის რეალიზაცია მონაწილეთა ეკონომიკური ინტერესების შეთანხმებით.

აღსანიშნავია, რომ მთელ მსოფლიოში, ინოვაციური ეკონომიკის პირობებში, ინვესტიციური საქმიანობის რეგულირების ეკონომიკური, ნორმატიულ-სამართლებრივი და ორგანიზაციული ფორმები, მეთოდები და ინსტრუმენტები მრავალფეროვნებით ხასიათდება. თუმცა შეიძლება მათი დაყოფა პირდაპირი და ირიბი რეგულირების მეთოდებად.

ინოვაციური საქმიანობის პირდაპირი სახელმწიფო რეგულირების მეთოდები რეალიზდება ბიუჯეტური სახსრებით დროის კონკრეტულ მონაკვეთში დასახული პრიორიტეტული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე. აქ სახელმწიფო გვევლინება მეცნიერული კვლევებისა და დამუშავებების სპონსორად, იგი აფინანსებს ინოვაციურ პროექტებს, იყენებს სიახლეთა მხარდაჭერის მიზნობრივ პროგრამებს და ქმნის სპეციალურ ფონდებს, რომლებიც გასცემენ კრედიტებს და სახსრებს დაბრუნების გარეშე.

ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ირიბი მეთოდები გამოიხატება მე-წარმეობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და კერძო ინვესტიციების მოზიდვაში ინოვაციური მიმართულებით. ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ასეთ მეთოდად გვევლინება ინოვაციური საქმიანობის სტიმულირებისათვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება.

2016 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა “იუნესკოს” ექსპერტების მოხსენება მეცნიერების შესახებ: “2030 წლისაკენ მავალ გზაზე”. ამ მოხსენებაში აღნიშნულია ძირითადი მსოფლიო გრძელვადიანი ტენდენციები. მათ შორის მთავარი ისაა, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება ინვესტიციები მეცნიერებაში და ბოლო, დაახლოებით, 7-8 წლის განმავლობაში მან შეადგინა 31-32%. როგორც აღმოჩნდა, სამეცნიერო ინვესტიციებზე დანახარჯების მხრივ ძალიან სწრაფად ზრდიან თავის მაჩვენებელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები – 29-დან - 37%-მდე, ასევე ბრაზილია, ინდოეთი, თურქეთი. მეცნიერებაზე მსოფლიო დანახარჯების 1/3 აშშ-ზე მოდის, 1/5 – ჩინეთზე, 1/10 – იაპონიაზე (პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ლიდერობს რუსეთი – 1.7%-ით).

ევროკავშირის მიერ შემუშავებული სტრატეგიის `ევროპა 2020~-ის გადაწყვეტილებათა შესა-ბამისად, 2014 წლის 17 ივნისს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვი-თარების სტრატეგია - „საქართველო 2020“ დაამტკიცა.

ცხრილი 1 იძლევა წარმოდგენას, თუ რამდენად წარმატებულად შეიძლება განვითარდეს ინო-ვაციები და ტექნოლოგიები `საქართველო 2020~-ის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში.

ცხრილი 1

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში

2013-2020 წლებში

მაჩვენებელი

2013

2017

2020

საქართველოს პოზიცია ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ინდექსში (KEI)

68

55

45

საქართველოს პოზიცია გლობალური ინოვაციების ინდექსში (GII)

73

65

60

ფაქტორების მთლიანი მწარმოებლურობა (TFP), ყოველწლიური (%)

2.70

3.00

3.20

ინოვაციების შესაძლებლობის ინდექსი (ICI)

44

40

36

გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდექსი (lTl)

65

58

50

საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, შეისწავლოს და პრაქტიკულად გამოიყენოს იმ ქვეყნების გამოცდილება, მათ შორის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრების, რომლებიც თავიანთი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად თვლიან ინოვაციურ-ინვესტიციურ საქმიანობას. სამეცნიერო-ინოვაციური პროცესების გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოთა ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკა უნდა არეგულირებდეს ინტელექტუალური შრომის რესურსული პოტენ-ციალის განვითარების პროცესს ცოდნის პრიორიტეტული განვითარების სტიმულირების, მაკროტექნოლოგიების შექმნის, კონკურენტუნარიანი მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოების, სო-ციალურად ორიენტირებული ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისათვის წინაპირობების და სა-კანონმდებლო მექანიზმების შექმნის გზით. საქართველოს სახელმწიფო ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ეკონომიკის რეალურ და მომსახურების სფეროში ინოვაციებზე დაყრდნობილი ინვესტიციების ზრდისათვის საჭირო პირობების შექმნა და ხელშეწყობა. გონივრულად ორგანიზებული ინოვაციურ-ინვესტიციური პოლიტიკა უნდა გახდეს ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის და ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის რეალიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ., ბურდული ვ. საქართველოს ეროვნული ინოვაციური სისტემის თანამედროვე მდგომარეობა  და მისი ფორმირების პრიოტიტეტები. საერთაშორისო ჟ “ეკონომისტი”, ტ. XII, 2017(1).
  2. http://www.vestifinance.ru/articles/84648 IT-системы станут объектами ГЧП и концессий.
  3. http://strategyjournal.ru/partners-news/perspektivy-dlya-gchp/ Перспективы для ГЧП.
  4. http://sovman.ru/article/6406/ Государственно-частное партнерство на основе проектного подхода.
  5. http://novainfo.ru/article/11116/pdf ГОСУДАРСТВЕННО-ЧАСТНОЕ ПАРТНЕРСТВО КАК ОБЪЕКТ ПУБЛИЧНОЙ ПОЛИТИКИ. Туровский Александр Алексеевич.
  6. http://eee-region.ru/article/4833/ Проекты государственно-частного партнерства в России и в зарубежных странах.
  7. https://articlekz.com/article/13408 Развитие государственно-частного партнерства в инновационной сфере: международный опыт.
  8. https://monographies.ru/en/book/section?id=11641  Государственно-частное партнерство в инновационной сфере.
  9. https://zakon.ru/blog/2013/10/23/gosudarstvennochastnoe_partnyorstvo. Государственно-частное партнёрство – новые возможности при реализации инновационных проектов.
  10.   http://vestnik.uapa.ru/ru/issue/2016/01/8/ Государственно-частное партнерство в инновационной сфере как основа консолидированного управления современной экономикой. Гусев В.В. Гусева Я.В.
  11. http://ru.theglobaleconomy.com/Georgia/Health_spending_as_percent_of_GDP/.
  12. http://www.vestifinance.ru/articles/66544?page=1Топ-10 стран по объему иностранных инвестиций.